ადვოკატი - არცერთი მტკიცებულება არ იყო, რაც დაადასტურებდა, რომ ელისაშვილის ქმედებას შეეძლო იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რაც შეიძლება ტერორისტულ აქტად შეფასდეს - გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს - Palitra News

ადვოკატი - არცერთი მტკიცებულება არ იყო, რაც დაადასტურებდა, რომ ელისაშვილის ქმედებას შეეძლო იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რაც შეიძლება ტერორისტულ აქტად შეფასდეს - გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს

2026-07-10 15:39:13+04:00

ჩვენი მოთხოვნა იქნება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან და დადგეს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მას რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წელი მიუსაჯა, საქართველოში კი პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა, მოსალოდნელია, რომ მრავალი წლით გაუშვან საპატიმროში.

„დაცვის მხარე წარვადგენთ დასკვნით სიტყვას, შევაჯამებთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც ღია სხდომაზე იყო გამოკვლეული და, ფაქტობრივად, არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ქმედებას [29 ნოემბერს ცეცხლის გაჩენას მოქალაქეთა მომსახურების ცენტში] შეეძლო იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რაც კანონის მიხედვით შეიძლება ტერორისტულ აქტად შეფასდეს.

ტერორისტული აქტი გულისხმობს მძიმე შედეგებსა და მძიმე საფრთხეების წარმოქმნას. ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლე გვეუბნებოდა, რომ გაჩენილ ხანძარს რომ გამოეწვია სასამართლო შენობის სრული განადგურება, 25-მილიონიანი ზარალი და სასამართლოს ფუნქციონირების შეწყვეტა, ეს არის ჰიპოთეზა, ჰიპოთეზური განვითარება და ამ ჰიპოთეზური განვითარებისთვისაც კი ერთი მტკიცებულებაც არ ყოფილა წარმოდგენილი.

როდესაც გამოძიებამ დანიშნა ექსპერტიზა სანთებელაზე, იმის გასარკვევად, სანთებელა ფუნქციონირებდა თუ არა, ძალიან უცნაურია, როდესაც არ დაინიშნა ექსპერტიზა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა შენობა-ნაგებობის განადგურება.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში პროკურორი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თურმე 1970 წელს აშენებული სასამართლოს ძირითადი, ექვსსართულიანი შენობა და 2014 წელს აშენებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც ეზოშია და 8 მეტრით არის დაშორებული ძირითად შენობას, თითქოს ერთი შენობაა, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერებითაც გამორიცხულია.

ჩვენი მოლოდინია, რომ ელემენტარული სამართლიანობისა და გონივრულობის პირობებში შეუძლებელია, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დადგეს ტერორისტული აქტის მცდელობისთვის. ჩვენი მოთხოვნა იქნება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან და დადგეს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული სასამართლოს განაჩენით მას მისჯილი აქვს 6-წლიანი სასჯელი ომში მონაწილეობისათვის და უკრაინის დახმარებისათვის, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისთვის ის იდევნება და არაერთხელ დაექვემდებარა ცემასა და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე როდესაც მის მიმართ მოქმედებდა პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი, არსებობს კონკრეტული ოფიციალური დაკავების ოქმი, ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მრავალი წლით მისი ციხეში გაშვება. ელემენტარული სამართლიანობის პირობებში მის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი”, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.