ოპოზიციის სტრატეგიად ნიკა გვარამია შიდა პროტესტს, საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერასა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას ასახელებს, რასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მწვავედ აკრიტიკებს. „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, საზოგადოების მთავარი მოთხოვნა ოპოზიციის ერთიანობაა, რადგან მის გარეშე პროტესტი სუსტდება, ხოლო ცვლილებების შესაძლებლობის რწმენა იკარგება. გვარამია მიიჩნევს, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გასაძლიერებლადაც და ოპოზიციას მოუწოდებს, საკუთარი მიზნები ქვეყნის ინტერესებთან შეათანხმოს. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის შეფასებით კი, მოწოდება - „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ - ანტისახელმწიფოებრივი მიდგომაა, რომელიც, მისივე განმარტებით, ოპოზიციის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს დამატებით ამყარებს.