სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბისაა! - აღსანიშნავია, რომ ადამიანური მსხვერპლი არ არის. სერიოზულად დაზიანებულია საქალაქო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როცა ზარალი შეფასდება, დაიგეგმება რა სამუშაოები და როგორ უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სტიქიის შედეგები სრულად აღმოიფხვრას.
„მთავარია, ოპერატიულად დაიწყო მუშაობა ყველა შესაბამისმა სამსახურმა - შექმნილია ოპერატიული შტაბი. ამ მომენტში ხდება პირველადი სამუშაოების წარმოება იმის პარალელურად, რომ მდინარე კიდევ ადიდებულია. უკვე სექტორებად არის დაყოფილი სად, რა ტექნიკა არის საჭირო - ამ ტექნიკის ნაწილი უკვე მუშაობს, ნაწილის მობილიზება ახლა მიმდინარეობს და დღის განმავლობაში, მითუმეტეს წყლის კლებასთან ერთად, ეს სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. ზოგადად შესასწავლია მთელი რიგი ქუჩების მდგომარეობა - ფაქტია, რომ წყალმა ამ ქუჩების გარკვეული მონაკვეთები გამორეცხა. ამ დროისთვის ქუჩები გადაკეტილია, რომ იქ მოძრაობა არ იყოს და საფრთხე თავიდან იყოს აცილებული. სტიქია მასშტაბურია - ერთია პირველადი სამუშაოები და მეორე - მთავრობა თავიდან ბოლომდე საქმის კურსშია. როცა ზარალი შეფასდება, შესაბამისი ექსპერტიზები გაკეთდება, მასშტაბურად დაიგეგმება რა სამუშაოები და როგორ უნდა განხორციელდეს, რომ სტიქიის შედეგები სრულად აღმოფხვრილი იყოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.
დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.