პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია, - ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოს ინფორმაციით, მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუა წელში განთავსებულმა სამმა ღვარცოფდამჭერმა ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა, დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო ღვარცოფული ნაკადის სრული გატარება და გადავიდა მიმდებარე ტერიტორიაზე.