„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, თელავში პრევენციული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული 297 ათასი ლარი სხვა მიმართულებით დაიხარჯა.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ამას იმით ხსნიდა, რომ თელავში ღვარცოფდამჭერი ნაგებობები 2015 წელს უკვე გაწმენდილი იყო. სიორიძე აცხადებს, რომ საკითხი, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა დააყენა, მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ განიხილეს.
„თელავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო თანხა მსგავსი სამუშაოებისთვის - 297 ათასი ლარი. თქვეს, რომ ეს თელავს არ სჭირდებოდა, რადგან ღვარცოფ დამჭერი ნაგებობები 2015 წელს საფუძვლიანად გაიწმინდაო. ეს თანხა თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის გაწმენდისთვის დაიხარჯა. რადგან ოპოზიციონერი დეპუტატის დაყენებული საკითხი იყო, არც კი განიხილეს",- განაცხადა სიორიძემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერ შექმნა ეფექტიანი პრევენციის სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ღვარცოფები და მსგავსი ბუნებრივი მოვლენები ხშირ შემთხვევაში პროგნოზირებადია.
„გუშინ ღამეც იყო წვიმა, მაგრამ ამ წვიმას დამატებითი გართულებები არ გამოუწვევია. რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას, მართალია მძიმე ტექნიკა მუშაობდა, მაგრამ ერთია რეაგირება და მეორე განსაკუთრებული, საგანგებო სიტუაციების დაგეგმვა, ამ სიტუაციებისთვის მომზადება და პრევენციული ღონისძიების გატარება, რაც „ქართული ოცნების“ არც ერთ ადგილობრივ ხელისუფლებას არ გამოსვლია 14 წლის განმავლობაში. უარესი სტიქიები გვახსოვს, იყო 13 ივნისის სტიქია, სადაც 21 ადამიანი დაიღუპა. იყო შოვის ტრაგედია. დიდთოვლიანობა გურიაში. დიახ, ბატონებო, ყველა ქვეყანაში ხდება სტიქია, მაგრამ სანამ მოხდება, სჭირდება მომზადება, განსაკუთრებით, როდესაც შესაბამისი პირობებია, როდესაც რაღაცის პროგნოზირება შეიძლება. ღვარცოფული მოვარდნები, რომელიც ყოველ გაზაფხულს შეიძლება იყოს, არის გათვლადი და პროგნოზირებადი, რასაც შეიძლება წინ დავუხვედროთ პრევენციული ღონისძიებები.
დღეს ისეთი რეალობის წინაშე ვართ, როდესაც საძირკველი გამოეცალა შენობებს. შეიძლება ჩამოიშალოს საერთოდ. დაიტბორა აფთიაქები, მაღაზიები, შენობები“,- აცხადებს სიორიძე.