ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა პრაქტიკულად შეწყვეტილია და მხარდაჭერის მთავარ ადრესატად ქართველ ხალხს განიხილავს. ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ წევრი სახელმწიფოები იმ ნაბიჯებზე მსჯელობენ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპული მომავლის რწმენას შეუნარჩუნებს. განცხადებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კალასი საქართველოს სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებს. ხელისუფლებაში ასევე მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის ცალკეული წარმომადგენლები ქვეყანაში ევროსკეპტიკური განწყობების გაძლიერებას მიზანმიმართულად ცდილობენ.