თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, პარალელურად კი ზარალის სრული აღრიცხვა მიმდინარეობს. კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, დაზიანებული ხიდის დემონტაჟი დასრულებულია, სამუშაოებში კი კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება, ბუნებრივი აირის ქსელი კი უმეტეს ტერიტორიაზე უკვე აღდგენილია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, უწყებებს შორის კოორდინაციამ ტერიტორიის სწრაფად გაწმენდა შესაძლებელი გახადა. მისივე თქმით, რამდენიმე ობიექტზე არასწორად გაცემულმა სამშენებლო ნებართვებმა სტიქიის შედეგები გაამწვავა, რის შესწავლაზეც შესაბამისი უწყებები იმუშავებენ.