თბილისის მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟზე ნებართვა გასცა -რა აშენდება მის ნაცვლად - Palitra News

თბილისის მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟზე ნებართვა გასცა -რა აშენდება მის ნაცვლად

2026-07-14 13:51:50+04:00

თბილისის მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟზე ნებართვა გასცა. საქმე ეხება შპს „რიყე დომ“-ის საკუთრებაში არსებულ, 14 591 კვადრატული მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, სადაც არსებული შენობის დემონტაჟის პროექტი შეთანხმდა. არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, დემონტაჟის სამუშაოები 2026 წლის 25 ივნისიდან 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს. დოკუმენტის თანახმად, სადემონტაჟო ობიექტის საერთო ფართობი 8 620 კვადრატულ მეტრს შეადგენს, სამშენებლო მოცულობა – 4 090 კუბურ მეტრს, ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 29,5 მეტრია. მერიის მიერ გაცემული ნებართვის თანახმად, დემონტაჟი უნდა განხორციელდეს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მომიჯნავე შენობების კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველყოფითა და ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო კომუნიკაციების დაუზიანებლად. გახსოვთ ალბათ, რომ "რიყის დოქების" აუქციონზე გაყიდვის 6 უშედეგო მცდელობის შემდეგ, 2022 წელს ის დაახლოებით 10 მილიონ ლარად ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანიამ, Global Victory Trust-მა შეიძინა და მალევე გადაწყვიტა შენაძენის გაყიდვა.

ბიზნესმენმა ობიექტი 2025 წლის მაისში გაყიდა. ახალი მფლობელი შპს „რიყე დომ“ გახდა. გასული წლის ივნისში კი კომპანიას მფლობელი შეეცვალა და „რიყე დომ“-ის წილები შპს „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ობიექტი დემონტაჟს დაექვემდებარებოდა. ამასთან, პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.