დონალდ ტრამპის განცხადებით, საბოლოოდ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს და სავაჭრო გემებისთვის 20%-იან მოსაკრებელს დააწესებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ ვითარდება. „მათზე თავდასხმას ვახორციელებთ და ვანადგურებთ ყველაფერს, რაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ მათ შესაძლებლობებს ეხება. ვფიქრობ, საბოლოოდ, მთელი სრუტე ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა,“ - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას. ტრამპის შეფასებით, ირანის წინააღმდეგ განახლებული საჰაერო იერიშების კამპანია „სამხედრო შეტაკებაა“ და უარყო, რომ ეს კონფლიქტის ახალი, ხანგრძლივი ეტაპის დასაწყისია. თუმცა, არ დააკონკრეტა, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია. მისი მტკიცებით, საბოლოოდ ირანთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახლო მომავალში შეთანხმების გაფორმების მოლოდინი მცირეა. მანამდე ტრამპმა თქვა, რომ ამერიკა ჰორმუზის სრუტეზე საზღვაო ბლოკადას ანახლებს, რომელიც შეეხება ირანის და იმ ქვეყნების სავაჭრო ხომალდებს, ვინც ირანთან ვაჭრობს. „სხვა დანარჩენ ქვეყნებს კი შეუძლიათ თავისუფლად ისარგებლონ ჰორმუზის სრუტით“- დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამიერიდან ისინი „ჰორმუზის სრუტის მცველებად“ იწოდებიან და არ გამორიცხა, რომ საავჭრო ხომელდების ცურვის უსაფრთხოებისთვის შესაბამისი კომპენსაციაც დააწესონ, დაახლოებით 20%-ის ფარგლებში მთელი გადაზიდული ტვირთებიდან. როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ბლოკადის განახლება უკვე დღეიდან არის დაანონსებული.