მიხეილ სააკაშვილი - „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში - ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში - ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

2026-07-14 14:01:34+04:00

ჩემს მისაბაძად და საკუთარი მონაწილეობის კადრების ჩასაწერად გაცვივდნენ თელავში, მაგრამ ჩემი მიბაძვა თუ მართლა სურთ ივანიშვილს ზოოპარკის ბინადრებს, უნდა მომბაძონ მთავარში - არ მოიპარონ და ქრთამი არ აიღონ, მაგრამ მაშინ ხომ „ქოცები“ აღარ იქნებიან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თელავში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით წერს.

სააკაშვილი თავის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, ოპოზიციასაც აკრიტიკებს და წერს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რისკის შესახებ ცოდნის მიუხედავად, „არ ატეხეს ამბავი და დაელოდნენ, უბედურება მომხდარიყო, რის შემდეგაც სატელევიზიო ეთერში კომენტატორებად იქცნენ“.

„ქოცებს” აქამდე მწარედ ხვდებოდათ გულზე ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობის დროს. ჰოდა ჩემს მისაბაძად და საკუთარი მონაწილეობის კადრების ჩასაწერად გაცვივდნენ თელავში, მაგრამ ჩემი მიბაძვა თუ მართლა სურთ ივანიშვილს ზოოპარკის ბინადრებს, უნდა მომბაძონ მთავარში - არ მოიპარონ და ქრთამი არ აიღონ, მაგრამ მაშინ ხომ „ქოცები” აღარ იქნებიან.

არადა აქ მოიპარეს ფული, რომელიც გამოყოფილი იყო დამბების გაწმენდაზე და აიღეს ქრთამები სამშენებლო ნებართვის გაცემაზე იქ, სადაც მშენებლობა არ შეიძლება.

ვინაიდან, ამასთანავე უვიცები არიან, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ სამშენებლო ნორმების დარღვევა შეიცავდა რეალურ საფრთხეს. აი ასე, კორუფცია, უვიცობა და ესე იგი „ქოცობა" საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის.

ამავე დროს არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას. ის, რომ მშენებლობები საფრთხეს შეიცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, დიდი ხანია ცნობილი იყო. რატომ არ ატეხეს მანამდე ერთი ამბავი რატომ დაელოდნენ, რომ უბედურება მომხდარიყო და შემდეგ სატელევიზიო კომენტატორებად [იქცნენ]?

თავის დროზე „ნაცმოძრაობა” შეიქმნა, მათ შორის, უკანონო მშენებლობებზე და ეკოლოგიის დაზიანებაზე რეაგირებისთვის, ახლა კი ჯერ კიდევ ტელესტუდიებიდან კომენტარებით ვიფარგლებით. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ამას ვცვლით.

ამავე დროს გამაოგნებელია დიქტატორის მსახურების თავხედობა - ისე ნერვის გატოკების გარეშე ამბობენ, სამშენებლო ნებართვები არასწორად გაიცაო, გეგონება მაშინაც ივანიშვილის ხალხმა არ გასცა ის ნებართვები და ახლაც ივანიშვილის დავალებით არ გაიცა „არაბული ქალაქების" ნებართვები, რომლებიც კატასტროფულ საფრთხეს უქმნიან ეკოლოგიას და მოსახლეობას”, - წერს სააკაშვილი.