ირაკლი ქადაგიშვილი ეუთოზე - კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს! ჩვენ არ ვტოვებთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუმცა მისი დაბალი რეპუტაციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ კითხვები გაგვაჩნია - Palitra News

ირაკლი ქადაგიშვილი ეუთოზე - კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს! ჩვენ არ ვტოვებთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუმცა მისი დაბალი რეპუტაციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ კითხვები გაგვაჩნია

2026-07-14 14:29:53+04:00

კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს! ჩვენ არ ვტოვებთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას [ეუთო-ს], თუმცა მისი დაბალი რეპუტაციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ კითხვები გაგვაჩნია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ეუთო-სთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში რიგ ხელმძღვანელ პირებს, არ მოეწონათ დასკვნა, რომელიც ეუთო-მ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დადო და ამის გამო მათ ეუთო-ზე ზეწოლა მოახდინეს.

ქადაგიშვილის მტკიცებით, ეუთო ამ ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა, ჯერ თავდაპირველად, ხოლო საბოლოო რეზოლუციაში საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა.

„ბოლო პერიოდში ეუთო/ოდირის მთავარი მისია არჩევნებზე დაკვირვება, მათი შეფასება და დასკვნის მომზადება იყო. 2024 წლის არჩევნებზე მათ დადეს დასკვნა, რომლითაც არჩევნები ჩატარებულად და კონკურენტუნარიანად გამოცხადდა. ამ დოკუმენტს არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რაც ჩატარებულ არჩევნებს ეჭვქვეშ დააყენებდა. აქედან გამომდინარე, გვახსოვს ევროკავშირის ხელმძღვანელთა განცხადებებიც, რომ ისინი სწორედ ეუთო-ს დასკვნას დაელოდებოდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ არ მოეწონათ ქართველი ხალხის არჩევანი. ამიტომ, მათ განახორციელეს ზეწოლა ეუთო-ზე, რომელიც იძულებული გახდა, თავდაპირველად გაჩუმებულიყო, ხოლო საბოლოო რეზოლუციაში საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ისმის კითხვა: არის თუ არა ეს ორგანიზაცია პასუხისმგებლიანი და საკუთარი ოფიციალური მისიის დასკვნის ერთგული, თუ ჩვეულებრივად მანიპულაციისა და შანტაჟის ქვეშ მყოფ სტრუქტურად იქცა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის იარაღად გამოიყენება?

საქართველოს აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, რომ ეუთო-მ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს და კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს! ჩვენ არ ვტოვებთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუმცა მისი დაბალი რეპუტაციიდან გამომდინარე, ეს კითხვები ბუნებრივია, რომ გაგვაჩნია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.