საქართველოს პროკურატურამ და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ამერიკაში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებსა და დოკუმენტებს უმზადებდა.
საქმეზე ბრალი ოთხ პირს წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ გაყალბებული დოკუმენტებით თავშესაფარს უპრობლემოდ მიიღებდნენ. ამისთვის იგონებდნენ არარსებულ ისტორიებს პოლიტიკური დევნის, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლისა და სხვა გარემოებების შესახებ. გამოძიების ფარგლებში ხუთასამდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია ამოიღეს.