ბრიუსელსა და თბილისს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას პრაქტიკულად ვეღარ ხედავს და მხარდაჭერის მთავარ ადრესატად ქართველ ხალხს მიიჩნევს. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს ევროკავშირს ყოველდღიურად კიდევ უფრო აშორებს. მკაცრია შეფასებები ევროპარლამენტშიც. ევროპელი დეპუტატები აცხადებენ, რომ გაწევრიანების პროცესში პროგრესი მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ხელისუფლება დემოკრატიულ უკუსვლას შეაჩერებს და ევროპულ რეკომენდაციებს შეასრულებს. ოპოზიციის შეფასებით, სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა საქართველო ევროკავშირს ისტორიულად ყველაზე მეტად დააშორა. მათი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის იგნორირებამ და ანტიდასავლურმა რიტორიკამ პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ევროკავშირი დღეს არა საქართველოს, არამედ ხელისუფლების პოლიტიკას ემიჯნება.