შალვა პაპუაშვილი - ათობით ათასი საჯარო მოხელეა, იმის დაჯამება, რომ მეუღლემ - მეუღლეს, შვილმა - მშობელს ან მშობელმა შვილს რაღაცა აჩუქა, მანიპულაცია და ფარსია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჰიბრიდული ომის იარაღია - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ათობით ათასი საჯარო მოხელეა, იმის დაჯამება, რომ მეუღლემ - მეუღლეს, შვილმა - მშობელს ან მშობელმა შვილს რაღაცა აჩუქა, მანიპულაცია და ფარსია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჰიბრიდული ომის იარაღია

2026-07-15 15:28:53+04:00

ათობით ათასი საჯარო მოხელეა - იმის დაჯამება და რიცხვებად წარმოდგენა, რომ მეუღლემ - მეუღლეს, შვილმა - მშობელს ან მშობელმა შვილს რაღაცა აჩუქა, მანიპულაცია და ფარსია, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღია, - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს.

პაპუაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია დეკლარირებულ საჩუქრებზე და რაიმე არალეგალური შემოსავალი რომ იყოს, მის დეკლარირებას არავინ მოახდენდა.

პაპუაშვილის შეფასებით, “ესტონეთში რეგისტრირებული “საერთაშორისო“ გამჭვირვალობა“ ციფრებით მანიპულირებას ცდილობს“.

“ვინც დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აფინანსებს, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ეწევა. როგორც ჩანს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ევროპული ფონდებიდან ჩუმად ფინანსდება, რადგან საჯაროდ არაფერს არ ამბობენ.

სწორედ ეს არის კოორდინირებული დეზინფორმაცია, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ ვრცელდება. ადრე თუ გვიან გაირკვევა, ახლა ამ მომენტში ვინ აფინანსებს “საერთაშორისო გამჭვირვალობას და ვნახავთ, რომ სწორედ ის ქვეყანა და ორგანიზაციაა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებდა.

ათობით ათასი საჯარო მოხელეა. ამისგან რაღაც დაჯამების გამოყვანა, რომ მეუღლემ მეუღლეს რაღაც აჩუქა, შვილმა მშობელს რაღაცა აჩუქა ან მშობელმა შვილს, ამის შეჯამება და რაღაც რიცხვებად წარმოდგენა, არის მანიპულაცია და ფარსი, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღი.

საუბარია დეკლარირებულ საჩუქრებზე. თუკი რაიმე არის არალეგალური შემოსავალი, მაშინ მის დეკლარირებას არავინ არ მოახდენდა. რაკი დეკლარაციაშია, რანაირად იქნება ის არალეგალური შემოსავალი?! საკუთარ თავს ხომ არ ამხელდა ადამიანი?! - ასე რომ, აბსურდია!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ თანამდებობის პირების მიერ დეკლარირებული საჩუქრები შეისწავლა. ორგანიზაციის ცნობით, აღმოჩნდა, რომ 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში 379-მა თანამდებობის პირმა 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო.

ფულადი საჩუქრის სახით 11 მლნ ლარი მიიღეს, ხოლო უძრავი ქონების სახით 12 მილიონი ლარი. ასევე, საჩუქრად მიიღეს ავტომობილები, იარაღი და სამკაული. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, თანამდებობის პირებმა საჩუქრების 60.78% მშობლებისგან მიიღეს.