ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძეს ვერავინ დაეხმარება ციხეში შებრუნებისგან, თუ ბიძინა ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა. რადგან ამ ქვეყანაში დარჩენა და ბრძოლის გაგრძელება არის მათი არჩევანი, ვერავინ ვერ დაიცავს მათ. ეს არის ფასი, რომელსაც ეს ადამიანები ბრძოლაში გადაიხდიან, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პოლიტიკოსების პატიმრობა არ უნდა გახდეს მიზეზი, რის გამოც პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიურობა შეჩერდება.
კირთაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, არც ნიკა გვარამიას და არც ზურაბ ჯაფარიძეს არ ექნებოდათ სურვილი, მათი პატიმრობის შემთხვევაში საზოგადოება პასიურ მდგომარეობაში გადასულიყო.
„მთელი სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკურ სპექტრის სოლიდარობა იქნება ის, რომ გავაგრძელოთ ის, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ასუსტებს. არა მხოლოდ, ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და ნიკა გვარამია დავაბრუნოთ ისევ თავისუფლებაზე, არამედ 100-ზე მეტი პოლიტპატიმარი, რომელიც გვყავს და ქვეყანა გადავარჩინოთ. ანუ, შანსი მივცეთ ქვეყანას შედგეს როგორც დემოკრატიული ქვეყანა. თუ ჩვენ - პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი გლოვაში გადავეშვებით, ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ, რომ არც გვარამიას და არც ზურაბ ჯაფარიძეს მიზანი და მოტივაცია ეს არ არის...“- განაცხადა კირთაძემ.
წამყვანის ჩაკითხვაზე, ციხეში ყოფნა ურჩევნიათ ქვეყნიდან გასვლას? კირთაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, ამას იტყვიან“.
„გადაწყვეტილება ხომ მიიღო, არჩევანი ხომ აქვთ?! რა გგონიათ, შუამავლების მეშვეობით ინფორმაცია არ ექნებოდათ, რომ „წადით, ხელს არ შეგიშლით“?! ხომ ვიცით, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი გასულია ქვეყნიდან. რომ შემოგითვლის, შუამავალი არ არის? ყველას არგასვლა ხომ აქვს ჩარტყმული, პროკურატურას ხომ უნდა მიმართო? პროკურატურას რომ მიმართავ, რომ სადღაც მიდიხარ, ზოგჯერ გაძლევს თანხმობას, ზოგჯერ - არა. თანხმობას რომ მისცემს, ხომ იცის, რომ შეიძლება აღარ დაბრუნდეს“, - განაცხადა კირთაძემ.
ამასთან, „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას კირთაძემ აღნიშნა, რომ „ალიანსში“ ყოფნის აუცილებელი პირობა შეთანხმებული წესების დაცვაა.
„ალიანსის“ შეთანხმებული წესების დაცვა არის „ალიანსში“ ყოფნის წინაპირობა, სამწუხაროდ, ნიკა გვარამიამ ამასთან დაკავშირებით სხვა სტრატეგია აირჩია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით წერდა, რომ ხიდები არ უნდა ჩავწვათო. მისი საქმეა. არასწორი მგონია. ნიკამ იცის ჩვენი აზრი“,- განაცხადა კირთაძემ.
კითხვაზე, თავიდანვე ხომ არ იყო ასეთი ტიპის ალიანსის ჩამოყალიბება შეცდომა, კირთაძე პასუხობს, რომ სტრატეგიულ დაპირისპირებაში არ შეიძლება იყოს შეცდომა გამარჯვების სწორი სტრატეგიის შეჯერება.
„მეც მქონდა იმის მოლოდინი, რომ გაცილებით მეტს შევძლებდით, თუნდაც მეორე მობილიზაციის ფაზაში. მაგალითად, „ახალს“ არ შეეშლებოდა ხელი, იმიტომ რომ ჩაფლული იყო დაპირისპირებაში, იმიტომ, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] არ გაჩერდა. როგორ გაჩერდება, გამოკეტილია ხუთი წელია. მანამდეც გააჩნდა მიდრეკილებები - „ჩემ გარეშე არავინ არსებობს“.
ვინ ეკითხება, თავის პარტიას ელაპარაკოს ხუთი კაცი რომ დარჩა და ოც კაცს რომ ვერ შეაგროვებს. ხომ სულ იმაზე ლაპარაკობს, რომ 2021 წლის აქციაზე ჩემი დაჭერის წინააღმდეგ ამდენი ადამიანი გამოვიდაო. მეც ვიყავი გასული“,- განაცხადა კირთაძემ.
კირთაძემ ასევე შეაფასა, მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ „რეფორმების საბჭოს“ თავმჯდომარე.
კირთაძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არსებით ცვლილებას არ მოიტანს.
„ანუ, დღეში 6 პოსტის ნაცვლად, 12-ს დაწერს. როდესაც მიხეილ სააკაშვილი „ბულერივით“ გამოდის, რომ იჯიბგიროს, რადგან ჯიბგირობით შეიძლება აჩვენო ძალა, ეს ჩვეულებრივი ველური ინსტინქტია. ამ ჯიბგირობას ვპასუხობთ, რომ ჩვეულებრივ შარლატანი და არაფრის გამკეთებელია“, - განაცხადა კირთაძემ.