საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში, რომელსაც აშშ 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობით მასპინძლობს. ვიზიტს მმართველ გუნდში საქართველო-ამერიკის ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვან სიგნალად აფასებენ. მათი თქმით, სახელმწიფო მდივნისგან მიწვევა ადასტურებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა ვაშინგტონისთვის კვლავ მნიშვნელოვანია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის ეს სერიოზულ შესაძლებლობას ქმნის. ასე არ ფიქრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, საქართველო ვაშინგტონში მძიმე საგარეო-პოლიტიკური კონტექსტით მიდის, რადგან ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების პარალელურად, ხელისუფლების რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან კავშირები დამატებით კითხვებს აჩენს.