ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთკრიტიკა გრძელდება, რის გამოც ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველო ევროკავშირისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროკავშირი - საქართველოსთვის, და ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათივე შეფასებით, დიალოგის აღდგენის ინიციატივა თავად ბრიუსელმა უნდა გამოიჩინოს. ევროკავშირი კი პასუხისმგებლობას ისევ „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გაუარესება სწორედ ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა განაპირობა.