საქართველომ თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ შეხვდნენ. მხარეებმა საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. თურქმენეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები განათლების სფეროშიც გაიმართა. განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქმენ კოლეგასთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელა.