ხატია დეკანოიძე - ვაშინგტონში, მინისტერიალში 60-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და იმის შესახებ, რომ რამე განსაკუთრებული ორმხრივი ფორმატი იქნება, ინფორმაცია არ გვაქვს - თუ „ოცნებას“ აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, იცის, რა უნდა გააკეთოს - Palitra News

ხატია დეკანოიძე - ვაშინგტონში, მინისტერიალში 60-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და იმის შესახებ, რომ რამე განსაკუთრებული ორმხრივი ფორმატი იქნება, ინფორმაცია არ გვაქვს - თუ „ოცნებას“ აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, იცის, რა უნდა გააკეთოს

2026-07-16 22:05:04+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვაშინგტონში დაგეგმილ მინისტერიალში 60 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობს და არ არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები ექნება.

შესაბამისი განცხადებით დეკანოიძე გამოეხმაურა ვაშინგტონში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობას.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლაც სურს, აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესება, ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

„სამიტზე 60-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული. 60 ქვეყნის წარმომადგენელი და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება, ამიტომ, იმის შესახებ, რომ რამე განსაკუთრებულად ორმხრივი ფორმატი იქნება, არ გვაქვს ინფორმაცია. თუ „ქართულ ოცნებას“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს, იციან რა უნდა გააკეთონ: საქართველოში უსაფრთხოების კონტექსტი, ირანთან დაკავშირებული მწვავე პრობლემები, ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც არაერთხელ დასმულა. ასევე შიდა პოლიტიკური კონტექსტი. შიდა პოლიტიკურ კონტექსტში კი პარტიების აკრძალვის საკითხი, პოლიტიკური ლიდერების დევნის საკითხი არსებობდა. ამ კუთხით, ვერც მე ვხედავ და ვერც საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ წინსვლას“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის მიერ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც კალასმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ აქვთ“.

დეკანოიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკური კურსი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს აზიანებს და ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მანევრირების შესაძლებლობა აღარ აქვს.

„იმ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებში , რომელზეც „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მანევრირებას მოახერხებს, საერთოდ აღარ არის მანევრირების სივრცე - ანტიდასავლური პროპაგანდა, საქართველოს ეროვნული ისტორიული მისიის წაშლა ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში. ამ შიდა პოლიტიკური დისკუსიით, ამ საგარეო პოლიტიკით როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ევროკავშირში გარღვევა მოხდება. მეექვსე კლასტერი გახსნეს უკვე მოლდოვასთან და უკრაინასთან, „ქართული ოცნება“ კი ულტიმატუმის და საშინელი ანტიდასავლური ენით ელაპარაკება“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ევროპასთან ურთიერთობის კონტექსტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე შეეხო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ შალვა პაპუაშვილის შეფასებას.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის მათივე წარსულ საქმიანობასთან.

„კრის სტარმერი შეიძლება ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს. ეს არ იცოდა პაპუაშვილმა? მე მაინტერესებს, სად იქნება პაპუაშვილი, როცა ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებაში აღარ იქნება ან სად იქნება კობახიძე. როდესაც ანტიდასავლურ პროპაგანდაზე საუბრობენ ან დაფინანსებებზე, ბოდიში მაგრამ, პაპუაშვილი სად მუშაობდა წლების განმავლობაში? გერმანულ ფონდებში მე ვმუშაობდი? თუ კობახიძემ გერმანიაში არ მიიღო განათლება? რა გონორით ლაპარაკობენ?“,- განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს თბილისში, დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობების განვითარება, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მხოლოდ ამ მიმართულებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

„კი, ცენტრალური აზიიდან უნდა ჩამოდიოდნენ სტუმრებიც და დელეგაციებიც. გგონიათ წინააღმდეგი ვარ, რომ საქართველოს რომელიმე ქვეყანასთან კონტაქტი ჰქონდეს?! ამაზე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს. პირიქით, რა თქმა უნდა, ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მხოლოდ კონკრეტულად აზიისკენ გაქვს გეზი და ისეთი ქვეყნებისკენ, რომლებიც ეკონომიკურ კეთილდღეობასაც არ გაძლევს, ხოლო სხვების მიმართ მთელი დღეების განმავლობაში ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებ, ეს პრობლემაა“,- განაცხადა დეკანოიძემ.