რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებას ოპოზიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან აიგივებს. მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დასავლეთისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა მიუღებელია და ქვეყანა სხვა სახელმწიფოების საქმეებში უპრეცედენტო ჩარევის მაგალითად დაასახელა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კრემლისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები ერთმანეთს ემთხვევა. მათი შეფასებით, სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას დადებითად მხოლოდ რუსეთი აფასებს, ქვეყნის მიერ არჩეულ საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებაზე მიუთითებს. ოპოზიციის განცხადებით, ეს გარემოება ხელისუფლების პრორუსული კურსის კიდევ ერთ დასტურად განიხილება.