სამცხე-ჯავახეთის ტყეებში მბეჭდავი ქერქიჭამიას გავრცელების შესაჩერებლად ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარიულ ჭრებს აგრძელებს. სამუშაოები ადიგენისა და ბორჯომის პლატოს სახელმწიფო ტყეებში მიმდინარეობს და მიზნად დაზიანებული ხეების დროულ მოჭრასა და ტერიტორიიდან გატანას ისახავს. სააგენტოს ინფორმაციით, ტყეების ფიტოსანიტარიული მდგომარეობა ბოლო წლებში კლიმატის ცვლილებისა და მავნებლის მასობრივი გავრცელების გამო მნიშვნელოვნად გაუარესდა. პარალელურად, სპეციალისტები მონიტორინგს ფერომონიანი მწერსაჭერებითაც ატარებენ. წელს უკვე სამი ეტაპის კვლევა განხორციელდა და დაახლოებით 140 ათასი მბეჭდავი ქერქიჭამია განადგურდა. სანიტარიულ ჭრებთან ერთად, მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული ხეების გაწმენდაც, რაც ტყის ეკოსისტემის აღდგენასა და ახალი კერების პრევენციას ემსახურება.