ირაკლი კობახიძე - შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია, ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს - Palitra News

ირაკლი კობახიძე - შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია, ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს

2026-07-17 11:44:19+04:00

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს. აღსანიშნავია, რომ ეს თურქმენეთის პრეზიდენტის მეორე სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში. პირველი ასეთი ვიზიტი 2015 წელს შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყანას გურბანგული ბერდიმუჰამედოვი სტუმრობდა. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს, ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

მქონდა პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენს პარტნიორობას საფუძვლად უდევს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თურქმენეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, გავაღრმაოთ ურთიერთობები, პარტნიორობა, მეგობრობა თურქმენეთთან. ამ ურთიერთობას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ეს ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ვიზიტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები და მიღწეული შეთანხმებები უფრო მეტად გააძლიერებს საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა პრემიერმა.