სასტუმრო, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ცალკეულ სტუმრებს შორის ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს - Palitra News

სასტუმრო, სადაც ქორწილის მიმდინარეობისას ცალკეულ სტუმრებს შორის ინციდენტი მოხდა, განცხადებას ავრცელებს

2026-07-19 15:28:34+04:00

თელავში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით "აგარანის მამული" განცხადებას ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, მათ სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გამოიძახეს, მანამდე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა.

ამასთან, როგორც "აგარანის მამულის" ადმინისტრაცია განმარტავს, არცერთ თანამშრომელს არ გაუმჟღავნებია სტუმრის ოთახის შესახებ ინფორმაცია სხვა სტუმრისთვის და მათი არცერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული აღნიშნულ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

„გუშინ Agarani Estate-ში ცალკეულ სტუმრებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია. ძალადობას ადგილი არ აქვს Agarani Estate-ში. ღრმად ვწუხვართ, რომ მსგავსი ინციდენტი ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა და გულწრფელად ვუსურვებთ სრულ გამოჯანმრთელებასა და კეთილდღეობას ყველა მონაწილე პირს. როგორც კი ჩვენმა გუნდმა შენიშნა, რომ მონაწილე პირებს შორის სიტუაცია იძაბებოდა, სამართალდამცავი ორგანოები დაუყოვნებლივ გამოიძახა, მანამდე, სანამ ფიზიკური დაპირისპირება მოხდებოდა. ინციდენტის შემდეგ ასევე დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ჩვენი გუნდი დაეხმარა მონაწილე პირებს, უზრუნველყო ყველა შესაბამისი ინფორმაციის დაფიქსირება და სრულად აგრძელებს თანამშრომლობას უფლებამოსილ ორგანოებთან. შიდა მოკვლევის შედეგად გვსურს განვმარტოთ ორი მნიშვნელოვანი გარემოება: Agarani Estate-ის არცერთ თანამშრომელს არ გაუმჟღავნებია სტუმრის ოთახის შესახებ ინფორმაცია სხვა სტუმრისთვის. Agarani Estate-ის არცერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული აღნიშნულ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

ჩვენი სტუმრების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პასუხისმგებლობაა და ეს პრინციპები ჩვენი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება. ჩვენ სრულ პატივს ვცემთ ამ პროცესს და მისი დასრულებამდე კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ გავაკეთებთ. სამწუხაროდ, ინციდენტის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ფართოდ გავრცელდა არაერთი არაზუსტი ინფორმაცია და ცრუ ბრალდება, რომელიც ეხება ჩვენს სასტუმროს, ჩვენს თანამშრომლებსა და მფლობელებს. მოვუწოდებთ ყველას, დაეყრდნონ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს და არა ვარაუდებსა თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას, სანამ უფლებამოსილი ორგანოები საქმის ყველა გარემოებას სრულად არ დაადგენენ. Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დისკრიმინაციას, სიძულვილსა და ძალადობას ნებისმიერი ფორმით და კვლავაც ვრჩებით ერთგული ჩვენი ვალდებულების - შევქმნათ უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული და სტუმართმოყვარე გარემო თითოეული სტუმრისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ცრუ განცხადებები უკანონოდ აზიანებს ჩვენი თანამშრომლების ან ჩვენი ბიზნესის რეპუტაციას, Agarani Estate უფლებების დასაცავად გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის სამართლებრივ მექანიზმს. მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს, პარტნიორებსა და საზოგადოებას მოთმინებისა და გაგებისთვის, სანამ გამოძიება დასრულდება“,-აღნიშნულია "აგარანის მამულის" განცხადებაში.

ცნობისთვის, საქმე ეხება თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას. აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაზიანება მიაყენა. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.