კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - სტიქიის მოვლენების ეპიცენტრი ღვარცოფის ნარჩენებისგან თითქმის სრულად გაიწმინდა - სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების გამაგრებაც - Palitra News

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - სტიქიის მოვლენების ეპიცენტრი ღვარცოფის ნარჩენებისგან თითქმის სრულად გაიწმინდა - სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების გამაგრებაც

2026-07-20 12:46:48+04:00

თელავში, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები.

მისივე თქმით, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების გამაგრება.

“თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან. აქტიურად სრულდება გაწმენდითი სამუშაოები კავკასიონის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე, სეხნიაშვილი ქუჩაზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები დამბების მიმართულებით, გზა გავიდა მესამე დამბამდეც.

ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სხვადასხვა სოფლებში ვამუშავებთ სავარგულებს, დაზიანებულ გზებს. მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების აქტიური გამაგრება“,- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

ინფორმაციისთვის, 12 ივლისს უხვი ნალექის შედეგად, ქალაქ თელავში, თელავის ხევი ადიდდა, რომელმაც დატბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დააზიანა ინფრასტრუქტურა.