ვინმეს რომ ეთქვა მანამდე, ადამიანს შეიძლება ჩაუდო ერთი წლით ძველი განცხადება, არ დავიჯერებდი. წარმოგიდგენიათ მანიპულაციისა და გაყალბების მასშტაბი?, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის მსჯავრდებულმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, "გაუგებარი იყო ჩემთვის რატომ ვიყავი აქ, მაგრამ რაც ვისმენ პოლიტიკურ განცხადებებს, ნათელია, რომ დიდი პოლიტიკური ინტერესია ამ საქმის მიმართ".
"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ე.წ. ბრალეულობასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო. ალბათ, იცით, რომ მთელი რვა თვე აკრძალული მქონდა გარესამყაროსთან კომუნიკაცია. ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს: ბატონ ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და შალვა პაპუაშვილს - ნუ, სხვებსაც, მაგრამ ამათ პერსონალურად. ვიდრე ჩემს ბრალეულობაზე დაიწყებთ საუბარს, დამაბრალებთ იმას, რაც არ ჩამიდენია და მერე რუანდის კონვენციური დანაშაულის ე.წ. ქეისით გაამართლებთ ჩემს დაკავებას, იქნებ მანამდე თქვენი „მიუკერძოებელი“ მოსამართლის, ხუსკივაძის ის განაჩენი წაგეკითხათ, სადაც ჩემი ბრალეულობისა და 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორობის მთავარ მტკიცებულებად 2024 წლის 20 და 24 ოქტომბრის ჩემი განცხადებები მიიჩნია? მოსამართლემ განაჩენში, როგორც მთავარი მტკიცებულება, რამდენჯერმე მოახდინა ამ განცხადების ციტირება, სადაც ვსაუბრობ: „საქართველოს გამარჯვება იწყება მაშინ, როცა თითოეული ჩვენგანი ირწმუნებს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ ბევრნი ვართ. დღეს ყველანი აქციაზე და 26 ოქტომბერს ყველანი ისტორიულ არჩევნებზე!“
ბატონო ირაკლი, ბატონო მამუკა, შალვა, მე მგონი, შინაარსიდანაც ნათელია, თუ რა ეჭვმიუტანელ მტკიცებულებაზეა საუბარი, რა სამართლებრივი კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ჩემი ბრალეულობის მტკიცებასთან და საერთოდ, ვისი ბრალეულობის მტკიცებულებაა ეს, როცა ამ სტანდარტით 7 წლით უპირებ ადამიანს თავისუფლება წაართვა?
პირად საკითხებზე არასდროს შემიწუხებიხართ და იქნებ ახლა საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე? უდიდესი პატივისცემით მივმართავ ჟურნალისტებს, რომლებთანაც, როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა: იქნებ ეს ჩემი განცხადება გაავრცელოთ და ამის შესახებ პირადად ჰკითხოთ აღნიშნულ პირებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ პროცესზე.
ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძისა და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოშო გაასაჩივრა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.