ნუგზარ წიკლაური - საქართველოში რუსული მთავრობა გვყავს და რუსი თავს მასპინძლად გრძნობს, ქართველი - უუფლებო სტუმრად - ადამიანები ამართლებდნენ ჟურნალისტ ქალებზე თავდასხმას, ქართველი ქალი ქალი არ არის? თუ "დაბალი ღობეა"? - Palitra News

ნუგზარ წიკლაური - საქართველოში რუსული მთავრობა გვყავს და რუსი თავს მასპინძლად გრძნობს, ქართველი - უუფლებო სტუმრად - ადამიანები ამართლებდნენ ჟურნალისტ ქალებზე თავდასხმას, ქართველი ქალი ქალი არ არის? თუ "დაბალი ღობეა"?

2026-07-20 22:20:41+04:00

სრულიად ცხადია, საქართველოში რუსული მთავრობა გვყავს და რუსი თავს მასპინძლად გრძნობს, ქართველი - უუფლებო სტუმრად , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა თელავში ერთ-ერთი სასტუმროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სრულიად გაუგებარ მოწიწებას გამოხატავს.

მისივე თქმით, მომხდარი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამოხატულებაა.

"დიახ, საქართველოში არსებობს ქრისტიანულ-ეთიკური ტრადიცია სტუმრის პატივისცემის...ყალბი პროპაგანდისტები ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, თუ როგორ დაარტყა ქართველმა კაცმა ქალს, რაც მართლა მძიმე სანახავი იყო. ქართველ ქალს რომ ურტყამდნენ, ჟურნალისტების რომ ურტყამდნენ, ეს არავის გახსენებია. ეს მოვლენა უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ, ვიდრე ერთი შემთხვევა. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენ გვექნება აღქმა, რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რაც ახლავე შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ სრულიად ცხადია, საქართველოში რუსული მთავრობა გვყავს და რუსი თავს მასპინძლად გრძნობს, ქართველი - უუფლებო სტუმრად. ეს არის მთელი პრობლემა, რაც არის „ქართული ოცნების“ მმართველობით შექმნილი. ჩვენ [ქართველები] არ ვართ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონები, ჩვენ არჩევანს არ აქვს მნიშვნელობა, ხოლო ჩვენი ხელისუფლება, რომელიც უზურპატორია, რუსეთისადმი გამოთქვამს სრულიად გაუგებარ მოწიწებას“,- განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ყოველდღიურად ხდება. წიკლაურის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეების ნაწილს არ აქვს სათანადო პატივისცემა არც ადგილობრივი მოსახლეობის, არც საქართველოს კანონების და არც ენობრივი საკითხების მიმართ.

„სინამდვილეში, ათობით ასეთი შემთხვევა ხდება ყოველდღიურად. მათ არ აქვთ განცდა, რომ მათივე სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ჩამოდიან, არ აქვთ პატივისცემა, ეს ხომ არ არის ახალი. ყოველთვის ასე იყო. ახლა ისეთი მდგომარეობა შექმნილი, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემა, არც კანონის პატივისცემა და არც ლინგვისტური საკითხების პატივისცემა. ისინი გრძნობენ, რომ მათი უფროა ეს მთავრობა, რომელიც ივანიშვილის მთავრობის სახელით არის ცნობილი, ვიდრე ქართველების.

ხომ ვხედავდით ხელისუფლების წარმომდგენლების განცხადება, რომ როგორ შეიძლება ქალზე ხელის აწევა. იგივე ადამიანები ამართლებდნენ ჟურნალისტ ქალებზე თავდასხმას. როგორ, ქართველი ქალი ქალი არ არის? თუ აქ დაბალი ღობეა ვინმე და ყველაფერი შეიძლება აკადრო ქართველ ქალს. ამ ყველაფერმა აჩვენა ის, რომ ჩვენი მთავრობა არ არის ჩვენი დამცველი. ეს არის ამ ყველაფრის დრამატული შედეგი“,- განაცხადა წიკლაურმა.