დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. გადაადგილება ავტომობილებით მოსიარულეებისთვის გართულებული იყო აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანსა და ავლაბრის მიმდებარედ. გზის სავალი ნაწილი დაიტბორა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. უხვი ნალექის შედეგად თამარაშვილის გამზირზე გზა ჩაიკეტა. ძლიერმა წვიმამ ადგილზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა. დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში ისაუბრა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ადგილზე ეცნობოდა არსებულ სიტუაციას. როგორც ცნობილია, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და უმეტესად, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.