ამ ჩადენილ დანაშაულს ვნანობ, თუმცა ჩემი მიზანი არ ყოფილა, ასე დასრულებულიყო, - ამის შესახებ თელავის სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულმა გიორგი ჭიღლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამ წუთებში სასამართლო მის მიმართ აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს.
ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.
მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.