ლაშა ტყეშელაძე - პოლიტპატიმრების სია არ არის პოლიტიკური დოკუმენტი, ეს სამართლებრივი დოკუმენტია - სახელისუფლებო ორგანოები პირდაპირ ამახინჯებენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ადამიანებს პოლიტიკური მოტივებით სჯიან - Palitra News

ლაშა ტყეშელაძე - პოლიტპატიმრების სია არ არის პოლიტიკური დოკუმენტი, ეს სამართლებრივი დოკუმენტია - სახელისუფლებო ორგანოები პირდაპირ ამახინჯებენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ადამიანებს პოლიტიკური მოტივებით სჯიან

2026-07-21 12:06:55+04:00

სახელისუფლებო ორგანოები პირდაპირ ამახინჯებენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ადამიანებს პოლიტიკური მოტივებით სჯიან,- ამის შესახებ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“ ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნულია, რომ დღეისათვის საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს.

ლაშა ტყეშელაძის შეფასებით, ამას ადასტურებს ის, რომ სასამართლოზე მოდიან ცრუ მოწმეები, მედიისთვის დახურულია პროცესები და დარღვეულია ადამიანების სხვა ფუნდამენტური უფლებები.

„ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი, სამართლებრივი დოკუმენტია, სადაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთ-ერთი მთავარი, ფუნდამენტური უფლება არის სამართლიანი სასამართლო, სადაც არის საჯაროობა, მაგრამ დღეს მაგალითად, დარღვეულია აღნიშნული უფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, სრულად დახურულია სასამართლო პროცესები, მეორე მხრივ კი, მედიას არ ეძლევა საშუალება, რომ ობიექტურად გააშუქოს პროცესები. ეს არის სახელისუფლებო პროპაგანდისტის ერთ-ერთი გზამკვლევი, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოზე მოდიან ცრუ მოწმეები და დღემდე ერთი ცრუ მოწმეც დასჯილი არ არის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ სახელისუფლებო ორგანოები პირდაპირ ამახინჯებენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ადამიანებს პოლიტიკური მოტივებით სჯიან. ჩვენთან სასამართლოში პოლიტიკურ წარმოებას როდესაც აწარმოებს სახელისუფლებო ორგანოები, ყველანაირი ფუნდამენტური უფლება არის დარღვეული“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განახლებული ანგარიშის მიხედვით, 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. მათივე განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტით, 1 კრიტერიუმის არსებობაც კი საკმარისია.

დოკუმენტი აერთიანებს პოლიტიკური პატიმრების განახლებულ სიას, მათ ბრალდებებს, სასჯელის ვადებსა და კონკრეტულ კრიტერიუმებს.