ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ვლადიმერ ლადანოვი დაიბარეს და ოდესაში რუსული ძალების მიერ კომერციულ გემზე თავდასხმის გამო პროტესტი გამოხატეს.
ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებით, „კომერციულ გემებზე თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა მიუღებელია“.
„მსგავსი თავდასხმები ძირს უთხრის საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 ივლისს რუსეთმა ოდესასთან ახლოს, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ მარცვლეულის სავაჭრო გემზე დარტყმა მაშინ განახორციელა, როდესაც გემი პორტს ტოვებდა. გემი მუმბაიში დაფუძნებულ კომპანიას ეკუთვნის. თავდასხმის შედეგად გემის ეკიპაჟის 10 წევრი, მათ შორის ინდოეთის ოთხი მოქალაქე დაიღუპა.