ადვოკატ ქეთევან ჩომახაშვილის განცხადებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 47 ტომი აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი.
როგორც მან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ჩანიშნული სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მათ შორის არის დათვალიერების, ჩხრეკის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის ოქმები.
„47 ტომი აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი, საქმის მასალები, არის უამრავი ოქმი, მათ შორის წარმოდგენილია სხვა აქციის მონაწილეების მიმართ ნაწარმოები სისხლის სამართლის საქმის მასალები. საქმის მასალების, მტკიცებულებათა წარდგენის მოცულობას და წარდგენას განსაზღვრავს ბრალდების მხარე. მისი გადასაწყვეტია რა მტკიცებულებებს გამოიკვლევს დღეს, მათ შორის რა იქნება ის წერილობითი მტკიცებულებები, რომელსაც წაიკითხავს და გააცნობს სასამართლოს. ოქმები - დათვალიერების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის ოქმებია საქმის მასალებში წარმოდგენილი.
სავარაუდოდ, დღეს განვსაზღვრავთ სხდომების ოდენობას, რამდენი დაგვჭირდება. შემდეგ გახდება ნათელი როდის დასრულდება “,- აღნიშნა ქეთევან ჩომახაშვილმა.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.