აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, მიმდინარე საჰაერო იერიშების მიუხედავად, ირანის პოზიცია არ შეიცვლება, - ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებმა ირანის წინააღმდეგ მიმდინარე იერიშების მოსალოდნელი შედეგები შეაფასეს და თეთრ სახლს წარუდგინეს.
დაზვერვის ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე დარტყმები ირანს მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიციის შეცვლას აიძულებს.
ასევე, Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი დიდი რაოდენობით რაკეტებსა და დრონებს ჯერ კიდევ ფლობს, რაც რეგიონში ირანის სარაკეტო იერიშებისგან ამერიკელი სამხედროების დაცვას ართულებს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ირანის მიერ იორდანიაში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.