გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა - Palitra News

გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

2026-07-21 17:41:41+04:00

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბერლინში შეხვდა.

ფრიდრიხ მერცის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„მოხარული ვარ, რომ გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება“, - განაცხადა მერცმა ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის გერმანიისთვის გაზის მიწოდება გაზარდოს.

„ტრადიციული მიწოდების ჯაჭვები შეფერხებით ფუნქციონირებს. რუსეთს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობის შეჩერების გამო ტრადიციული კლიენტებისთვის ნავთობპროდუქტის იმ რაოდენობით მიწოდება აღარ შეუძლია, რამდენიც მას სურს. მჯერა, რომ „მწვანე დღის წესრიგის“ გათვალისწინებით, შესაძლოა ეს საკითხები გადაიხედოს და ევროპულმა ბანკებმა ნავთობისა და გაზის პროექტების განვითარებისთვის თანხები გამოყონ. მსგავს შემთხვევაში, აზერბაიჯანი ევროპაში, მათ შორის გერმანიაში გაზის ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდას შეძლებს“, - აღნიშნა ალიევმა.