გიორგი სიორიძე - ყველა წვიმის მოსვლისას გვეშინია, წყალი არ შემოგვივარდეს სახლში - როდესაც სისტემის თავია მომპალი, ვიღებთ შედეგებს, რაც გვაქვს, „თევზი თავიდან ყარს“ - Palitra News

გიორგი სიორიძე - ყველა წვიმის მოსვლისას გვეშინია, წყალი არ შემოგვივარდეს სახლში - როდესაც სისტემის თავია მომპალი, ვიღებთ შედეგებს, რაც გვაქვს, „თევზი თავიდან ყარს“

2026-07-21 20:01:52+04:00

ყველა წვიმის მოსვლისას გვეშინია, წყალი არ შემოგვივარდეს სახლში - „თევზი თავიდან ყარს“, როდესაც ამ სისტემის თავია მომპალი, ვიღებთ შედეგებს, რაც გვაქვს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი პირველადი საკითხების მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული და პრიორიტეტები სწორად უნდა განისაზღვროს.

„უცებ და ერთ დღეში გაკეთება, რა თქმა უნდა, არასერიოზულია, მაგრამ პირველადი საკითხები უნდა მოგვარდეს. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები. ამხელა ბიუჯეტი რომ აქვს ქალაქს, მიმართული უნდა იყოს მიზნობრივად, მაქსიმალური ოპტიმალურობისა და ეკონომიურობის დაცვით და ის ფული, რომელიც იფლანგება, იხარჯება და მისი ბევრი ადამიანის ჯიბეში, გამოყენებული უნდა იყოს ხალხის საკეთილდღეოდ: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, სატრანსპორტო სისტემის მოწყობისთვის, ოღონდ არა ისე, როგორც მათ გააკეთეს, ყველა წვიმის მოსვლისას გვეშინია, წყალი არ შემოგვივარდეს სახლში. არაფერი განსაკუთრებული არაა, ბირთვული ფიზიკა არ სჭირდება ამას, ამას ჭირდება პატიოსანი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, მაგრამ თევზი თავიდან ყარს, როდესაც ამ სისტემის თავია მომპალი, ვიღებთ იმ შედეგებს, რაც გვაქვს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

კითხვაზე, ოპოზიციას როგორ წარმოუდგენია წყალმოვარდნების მსგავსი პრობლემების მოგვარება, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ მისი მოგვარება კორუფციის აღმოფხვრითაა შესაძლებელი.

„კორუფცია არ უნდა იყოს. როდესაც კორუფცია არის ფაქტორი, იქ არ არის ხარისხი, იქ არ არის ზედამხედველობა, იქ არ არის კვალიფიკაცია და შესაბამისი კომპეტენცია. როდესაც კორუფციული ინტერესია, როდესაც ტენდერს აგებ კონკრეტულ პირზე იმიტომ, რომ იმისგან გაქვს კორუფციული ინტერესი, შენთვის ხარისხი და კომპეტენცია აღარ არის პრიორიტეტი. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ აქვთ სახელმწიფოებრივი ხედვა. როდესაც შენთვის პრიორიტეტი არის ფული, როცა ნეპოტიზმი არის საჯარო სტრუქტურებში და მატერიალურ და ეკონომიკურ საკითხებზე გაქვს კორუფციული ინტერესები, ამ შემთხვევაში არ არსებობს არც ერთიანი ხედვა და არც დიდი სურათის განჭვრეტის შესაძლებლობა და მომავლის დასახვის რესურსი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.