რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია 23 ივლისს, ღამის 12 საათზე დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. პროექტი თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავს, რის გამოც რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება. პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება, შემდეგ კი გზის საფარი, ტროტუარები, განათება, გამწვანება და ქვეითთა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შემდეგ გამზირი თანამედროვე, უსაფრთხო და სრულად ადაპტირებული სივრცე იქნება.