დონალდ ტრამპი - ვავალებ ჩემს ადმინისტრაციას, აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების შესრულების უფლება მისცეს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ვავალებ ჩემს ადმინისტრაციას, აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების შესრულების უფლება მისცეს

2026-07-22 09:55:57+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულ ავიაკომპანიებს ლიბანში პირდაპირი ავიარეისების აღდგენის უფლებას მისცემს.

„ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც თავისი ქვეყნის გარდაქმნის მიმართულებით მართლაც შესანიშნავი სამუშაო გასწია, ვავალებ ჩემს ადმინისტრაციას, აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების შესრულების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებს ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულება მარტივად შეეძლოთ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან.

აშშ-სა და ლიბანს შორის პირდაპირი ავიარეისები 40 წელზე მეტი ხნის წინ, 1985 წელს, რონალდ რეიგანის ადმინისტრაციამ TWA-ის 847-ე რეისის გატაცების შემდეგ შეწყვიტა.