გიორგი სიორიძე - თავისუფალი აზრის გამო ადამიანის პატიმრობაში გაშვება ის ხელწერაა, რომელიც ახასიათებს ყველაზე ველურ, ავტორიტარულ რეჟიმებს, რეგულაციები არის ანტიკონსტიტუციური და აღსრულებაც არაპროპორციულია - ვახო სანაიას ვერ გატეხენ! - Palitra News

გიორგი სიორიძე - თავისუფალი აზრის გამო ადამიანის პატიმრობაში გაშვება ის ხელწერაა, რომელიც ახასიათებს ყველაზე ველურ, ავტორიტარულ რეჟიმებს, რეგულაციები არის ანტიკონსტიტუციური და აღსრულებაც არაპროპორციულია - ვახო სანაიას ვერ გატეხენ!

2026-07-22 14:11:18+04:00

ადამიანების თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამო პატიმრობაში გაშვება, „ქართული ოცნების“ ახალი ხელწერაა - ვახო სანაიას ვერ გატეხენ, ის ძალიან მალე დაუბრუნდება თავის საზოგადოებრივ ცხოვრებას და გააგრძელებს ამ რეჟიმის მხილებას, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, გიორგი სიორიძე ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციული წესით დაკავებას.

მისი თქმით, ეს ამბავი აუცილებლად უნდა აისახოს საერთაშორისო პარტნიორების შესაბამის ანგარიშებში.

„ადამიანების თავისუფალი და განსხვავებული აზრის გამო პატიმრობაში გაშვება, „ქართული ოცნების“ ახალი ხელწერაა, ისეთი, როგორიც ახასიათებს ყველზე ველურ, ავტორიტარულ რეჟიმებს. ეს არის ანტიკონსტიტუციური რეგულაციები და აღსრულებაც არაპროპორციულია.

კონკრეტულად ვახო სანაია, დიდი ხანია „ქართული ოცნების“ რეჟიმს თვალში ეჩხირება. მას ჰქონდა მწვავე განცხადებები და შეფასებები და „ქართულმა ოცნებამ“ სამაგალითოდ სცადა მისი დასჯა. ეს კი არა მხოლოდ თავისუფალ აზრსა და მედიაზე შეტევაა, არამედ სამაგალითო შემთხვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს საერთაშორისო პარტნიორების შესაბამის ანგარიშებში.

ვახო სანაიას ვერ გატეხენ, ის ძალიან მალე დაუბრუნდება თავის საზოგადოებრივ ცხოვრებას და გააგრძელებს ამ რეჟიმის მხილებას“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.