„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ “მედიის ადვოკატირების კოალიციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც “მედიის ადვოკატირების კოალიცია” განცხადებაში აღნიშნავს, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში სასამართლო რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად გამოიყენება.
“22 ივლისს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა იმავე მიზეზით ჟურნალისტის 6 000 ლარით დაჯარიმება.
“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება”, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.