ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის საელჩოებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეს მიმართეს, სასამართლო პროცესებზე მათ წარმომადგენლებს დასწრების უფლება მისცეს, რაზეც უარი მიიღეს - Palitra News

ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის საელჩოებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის მოსამართლეს მიმართეს, სასამართლო პროცესებზე მათ წარმომადგენლებს დასწრების უფლება მისცეს, რაზეც უარი მიიღეს

2026-07-22 18:37:11+04:00

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მახარობლიძეს მიმართეს თხოვნით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა მიეცეთ, რაზეც უარი ეთქვათ.

შესაბამის წერილის ხელმომწერები არიან: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, საფრანგეთის საელჩო, დიდი ბრიტანეთის საელჩო, პოლონეთის საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

მიმართვის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საქმის მიმართ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცეთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომებისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე თამარ მახარობლიძეს:

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად თქვენს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 318-ე, 319-ე, მუხლი 321 -ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებებით. ვიცით, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები წესრიგის დაცვის მიზნით საზოგადოებისთვის დაიხურა.

აღნიშნული საქმის მიმართ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გთხოვთ, რომ საქართველოში ჩვენი საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს მიეცეთ სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლების სტატუსით დასწრების უფლება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესებზე დაკვირვება მრავალწლიანი და ფართოდ აღიარებული პრაქტიკაა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას და დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გაეცნონ პროცესის მიმდინარეობას. ასეთი დამკვირვებლების დასწრებას მხოლოდ დაკვირვების ხასიათი ექნება და სასამართლო პროცესის სათანადო მიმდინარეობაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო ზემოაღნიშნულ საქმეზე ასეთი დაკვირვების შესაძლებლობის ხელშეწყობას მიზანშეწონილად მიიჩნევს”,- ნათქვამია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართვაში.

რაც შეეხება მოსამართლის პასუხს, ე.წ. საბოტაჟის საქმის ადვოკატების ინფორმაციით, საელჩოების თხოვნა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც დაცვის მხარემ სასამართლოში, მათ დაშვებაზე, იდენტური შინაარსის შუამდგომლობა დააყენა. როგორც ადვოკატები აცხადებენ, მოსამართლემ მათი შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.