ხაბეიშვილს თუ არ მიაჩნია თავი ჩმორად, იბრძოლოს, იშრომოს, იღვაწოს ისე, როგორც მას და მის პარტიას სწორად მიაჩნია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
მამუკა კაციტაძის თქმით, მისი ძირითადი საქმიანობაა, იმოძრაოს საქართველოში, ყველა რაიონსა და რეგიონში, რადგან „ბრძოლის ველი არის ურთიერთობა ხალხთან“.
„მე, როგორც „ლელოს“ წარმომადგენელი, გეუბნებით, რომ ჩვენი მთავარი სამიზნე, ბრძოლის მთავარი იარაღი, არის ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან და ბრძოლა ყველა ყველაზე. ყველას აქვს თავისი გზა და ყველა მოქმედებს თავისი გზით, მთავარია ეს გზა არ მოწყდეს იმ მთავარ საყრდენს, რასაც ჰქვია ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ხალხი, რომელიც გაცილებით უფრო რთულ დღეშია, ვიდრე რომელიმე პატიმარი, რომელიც პოლიტიკური მიზეზით, სარჩულით თუ განაჩენით ციხეში ზის და ყურადღების ცენტრშია. ის ამომრჩეველი საერთოდ არაფრის ცენტრში არაა, ისე არის ურთულეს მდგომარეობაში. მასთან მისვლაა საჭირო და მასთან ურთიერთობაა საჭირო“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მამუკა კაციტაძე გადაცემაში „ჯერ საქართველოს“ ლიდერის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებასაც გამოეხმაურა ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე.
კერძოდ, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ „ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება და ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე“.
მამუკა კაციტაძის განცხადებით, ვინმეს რომ დაელაპარაკო, „რაღაც შანსს უნდა ხედავდე“.
„ნეტარ არიან მორწმუნენი, ბატონ ვიქტორს ეტყობა, რომ ახალია პოლიტიკაში. შეიძლება ივანიშვილთან ურთიერთობაში მე ვიყო ახალი და ის ძველი, მაგრამ მაგ იმედებით ძალიან ნედლ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან ლაპარაკი გამორიცხულია, მაგრამ იმისთვის, რომ ვიღაცას ელაპარაკო, რაღაც შანსს უნდა ხედავდე“, - განუცხადა მამუკა კაციტაძემ.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილი ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ვახო სანაია კი არ დააკავეს, არამედ, ბორკილები დაგადეს ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ!".„ვახო სანაია კი არ დააკავეს, არამედ, ბორკილები დაგადეს ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ! როდემდე ვაპირებთ ასე ჩმორად ყოფნას?! როდემდე უნდა „მივაჯირყვნინოთ“ თავი ივანიშვილს?! როდემდე ვაპირებთ ამის მოთმენას?! კახეთის ქორწილში რუსების “დაშარდება” იყო გამოხატულება იმ რეალობის, რაშიც გვაცხოვრებს რეჟიმი".