შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გამო, - ამის შესახებ ორგანიზაცია Freedom House-ი სოციალურ ქსელში წერს.
„სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც საქართველოს მმართველ პარტიას აკრიტიკებდა, მისი გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა და მთავრობის მიერ კრიტიკოსების გაჩუმების შემაშფოთებელი მცდელობების სერიის უკანასკნელი მაგალითია“, - აცხადებს Freedom House-ი.
ორგანიზაცია სანაიას „დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“ ითხოვს.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.