მარკო რუბიო - უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი იდეებია საჭირო - მთავარი გამოწვევაა ვიპოვოთ ისეთი დასასრული, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება - Palitra News

მარკო რუბიო - უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი იდეებია საჭირო - მთავარი გამოწვევაა ვიპოვოთ ისეთი დასასრული, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება

2026-07-23 12:58:06+04:00

უკრაინაში ომის დასასრულებლად ახალი იდეებია საჭირო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ფილიპინებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ მშვიდობა დამყარდება, ეს მოხდება ახალი იდეებისა და კონცეფციების დამსახურებით და ჩვენ მზად ვართ, შესაბამის გარემოსა და ფორმატში ზოგიერთი მათგანი წარმოვადგინოთ, თუ ამისთვის პირობები ხელსაყრელი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ეს როლი შევასრულოთ“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

რუბიოს თქმით, ლავროვთან „კარგი და გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა.

ასევე, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ მზად არის უკრაინაში ომის დასრულების მიზნით თავისი ძალა და გავლენა გამოიყენოს.

„მთავარი გამოწვევაა ვიპოვოთ ისეთი დასასრული, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ეს კომპრომისი და მის ძიებას კვლავაც გავაგრძელებთ. ეს პოზიცია დღესაც გამოვხატეთ და წარსულშიც დავაფიქსირეთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.