უკვე 7 თვეზე მეტია, ელჩი ალექსანდრე კარტოზია ოფიციალურ უფლებამოსილებას ელოდება და ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ის მავნებელი ელჩი [პეტერ ფიშერი] დიპლომატიურ კორპუსს მოშორდა, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო.
ზარქუა იმედოვნებს, რომ „ყველაფერი წარსულს ჩაბარდა“.
„გერმანიაში ელჩს დღეს ოფიციალურად შეხვედრა აქვს გერმანიის პრეზიდენტთან და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაინიშნება. უკვე 7 თვეზე მეტია ელოდება ჩვენი ელჩი ოფიციალურ უფლებამოსილებას და ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იმ მავნებელმა ელჩმა, რომელიც აქ ჰყავდათ დანიშნული, ამოწურა უფლებამოსილება საქართველოში. მე მგონი, საერთოდ პენსიაზეც კი გავიდა იმდენად მძიმე დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი. ამას ვერ დაარქმევ შეცდომას, ეს იყო მიერ მიერ გადადგმული გააზრებული ნაბიჯები. ის რადიკალებს მხარს უჭერდა, მიტინგებზე დადიოდა, სასამართლოებს ესწრებოდა, ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდა. მე პირიქით გერმანიის საელჩოს ვულოცავ, რომ გათავისუფლდნენ ასეთი არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური ელჩისგან. ალბათ, შვებით ამოისუნთქეს. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო. მგონია, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახალი ელჩისგან ერთ მთავარს მოველით - პატივი სცეს ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს და შეასრულოს თავისი დიპლომატიური მისია, რომელიც გულისხმობს ქართველ-გერმანელ ხალხთა შორის ურთიერთების და კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას, გაღრმავებას,“ - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელს 23 ივლისს გადასცემს. გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სხვადასხვა ქვეყნების ელჩების აკრედიტაციის ღონისძიება ბერლინში, 23 ივლისს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ბერლინში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა.