6 თვეში ბანკების მოგებამ 1 მილიარდ 878 მილიონი ლარი შეადგინა. საუბარია იანვარ-ივნისის პერიოდზე, როცა კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების წმინდა მოგებამ წლიურად 20.5%-ით ზრდა აჩვენა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში ბანკების მოგება 1 მილიარდ 558 მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 6 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი წელი ბუნებრივია სანქცირებული “ვი-თი-ბი”-სთვის აღმოჩნდა. ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 88% ისევ მხოლოდ 2 ბანკზე „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკზე“ მოდის. ასე მაგალითდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში „საქართველოს ბანკმა“ თითქმის მილიარდიანი მოგება მიიღო, უფრო დეტალურად კი 966 მილიონ 568 ათას ლარზე მეტი. „თიბისი ბანკის“ წმინდა მოგებამ კი ამ პერიოდში 683 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მოგების მაჩვენებლების მიხედვით ხუთეულში ამავე თანმიმდევრობით, „ბაზისბანკი“, „ლიბერთი ბანკი“ და „კრედო ბანკი“ არიან. ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა.