„ბაზისბანკი“ „ლიბერთის“ აქციების სრულად გამოსყიდვას გეგმავს და„ლიბერთის“ აქციონერებისთვის სავალდებულო სატენდერო შეთავაზებას აცხადებს. „ბაზისბანკის“ მიერ ,,ლიბერთის” საკონტროლო პაკეტის შეძენის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის დარჩენილი აქციების გამოსყიდვის მიზნით სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოცხადდა. შეთავაზება ხორციელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად და განკუთვნილია ლიბერთი ბანკის იმ აქციონერებისთვის, რომლებიც კვლავ ფლობენ ბანკის აქციებს,“ - აღნიშნულია „ბაზისბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უფრო კონკრეტულად, სატენდერო შეთავაზების თანახმად, „ბაზისბანკი“ უკვე ფლობს „ლიბერთი ბანკის“ მიერ გამოშვებულ 4 მილიარდზე მეტ ჩვეულებრივ აქციას, რაც ბანკის მიერ განთავსებული აქციების 95.99%-ია და სურს გამოისყიდოს დარჩენილი 178 მილიონზე მეტი ჩვეულებრივი აქციაც, რაც „ლიბერთი ბანკის“ აქციების 4.01%-ს შეადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ „ლიბერთი ბანკს“ გამოშვებული აქვს ასევე კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციები, „ბაზისბანკი“ „ლიბერთის“ მიერ ემიტირებული 4 565 384 ცალი პრივილეგირებული აქციის შეძენასაც გეგმავს. რაც შეეხება ფასს, სატენდერო შეთავაზების თანახმად, „ლიბერთი ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების გამოსასყიდი ფასი ერთ ცალ ჩვეულებრივ აქციაზე დაახლოებით 15 თეთრია, ხოლო ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე - 1.11 ლარი. შესაბამისად, გამოდის, რომ „ლიბერთის“ ჩვეულებრივი აქციების შესყიდვას „ბაზისბანკი“ 28 156 288 ლარად გეგმავს, ხოლო პრივილეგირებული აქციების შესყიდვას - 5 067 576 ლარად.