ერთ თვეში, არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო დამსაქმებლები 2 მლნ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ. შესაბამისად, საპენსიო შენატანის გამო, დამსაქმებლების მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხის მოცულობა 273.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2026 წლის მაისში ამ დარღვევის შედეგად ბიუჯეტში მხოლოდ 576 510 ლარი შევიდა, ივნისში გადახდილი ჯარიმების მოცულობამ 2 მილიონ 154 ათასი ლარი შეადგინა. ჯამში კი 2026 წლის იანვარ-ივნისში არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის შედეგად ხაზინა 4 741 634 ლარით შეივსო.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ჯამურად ამ დარღვევაზე ბიუჯეტში 3 746 564 ლარის აკუმულირება მოხდა. გაზრდილი მაჩვენებელი სავარაუდოდ, დაკავშირებულია 2025 წლის მაისში გამკაცრებულ რეგულაციებთან. სწორედ იმ პერიოდიდან შევიდა ძალაში „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად გაერთიანდა საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის ბაზები.
ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში საპენსიო ფონდს მონიტორინგის და კომპანიების დაჯარიმების საშუალება მიეცა. რაც შეეხება სანქციას, დარღვევის პირველ შემთხვევაზე ჯარიმა 500 ლარია, ხოლო წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში დამსაქმებელი უკვე 1000 ლარით ჯარიმდება.
ცნობისთვის, საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 33 555-მა პირმა ისარგებლა და პენსიის სახით 169 მლნ ლარზე მეტი მიიღო. ამავე პერიოდისთვის საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 749 ათას ადამიანს შეადგენს.