ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩიხლაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. ჩიხლაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა.
პროცესი სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდა ირაკლი ჩიხლაძეც.
ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას”.