თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი - რუსთაველის გამზირზე გზის გაბარიტი უცვლელი რჩება, არ ვიწროვდება, ავტობუსის ზოლი კი შუაში არ იქნება, ტრანსპორტი განაპირა ზოლზე იმოძრავებს - Palitra News

თბილისის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი - რუსთაველის გამზირზე გზის გაბარიტი უცვლელი რჩება, არ ვიწროვდება, ავტობუსის ზოლი კი შუაში არ იქნება, ტრანსპორტი განაპირა ზოლზე იმოძრავებს

2026-07-23 14:14:03+04:00

რუსთაველის გამზირზე გზის გაბარიტი უცვლელი რჩება, გზა არ ვიწროვდება. ყოველთვის იყო გზის დავიწროების შიში და არა, არ ვიწროვდება გზა - ბევრი კითხვა ისმოდა, იქნება თუ არა ავტობუსის ზოლი შუაში, როგორც ჭავჭავაძის გამზირზეა და არა, არ იქნება. განაპირა ზოლზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმეში“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ბაგაშვილმა აღნიშნა, რუსთაველის გამზირი აქამდე მხოლოდ მანქანაზე იყო მორგებული.

„მიზანი იყო რუსთაველის გამზირი, როგორ ქალაქის მთავარი გამზირი გამხდარიყო კომფორტული ყველა საგზაო მონაწილისთვის. მოგეხსენებათ, აქამდე მხოლოდ მანქანაზე მორგებული იყო რუსთაველის გამზირი. ქუჩის გაბარიტი რუსთაველის გამზირზე რჩება უცვლელი, გზა არ ვიწროვდება. ყოველთვის იყო გზის დავიწროების შიში და არა, არ ვიწროვდება გზა. თანაბრად გადანაწილდება ყველა საგზაო მონაწილისთვის სივრცე. მგონია, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ავტომობილის მძღოლებისთვისაც. ახლა, წუხანდელი მდგომარეობით იცით, რომ მარცხნივ შეხვევა არ იყო დაშვებული არცერთ კვეთაზე, ახალი სქემით კი ნებისმიერ მნიშვნელოვან კვეთაზე მარცხნივ მოხვევა დაშვებული იქნება ისე, რომ არ გაიარონ მთელი გამზირი და არ მოუწიოთ დატრიალება. მძღოლები მოხვდებიან იმ ქუჩაზე, სადაც სურთ მოხვედრა. ასევე, ავტომობილები, ჭავჭავაძის ქუჩიდან პირდაპირ ლაღიძეზე შეძლებენ გაგრძელებას“, - აღნიშნა ნინო ბაგაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი მსგავსი კვანძი იქნება შუქნიშნით რეგულირებადი, სადაც ქვეითები შეძლებენ უსაფრთხოდ გადაადგილებას.

„ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენდა ქვეითთა კომფორტული გადაადგილება, ეს არ გულისხმობს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობას, გულისხმობს მიწისზედა რეგულირებადი შუქნიშნით გადასვლას. ნებისმიერი ეს კვანძი იქნება შუქნიშნით რეგულირებადი, სადაც ქვეითები შეძლებენ უსაფრთხოდ გადაადგილებას. ნებისმიერ ადგილზე, სადაც ტროტუარი ამის საშუალებას იძლეოდა, ტროტუარის ხარჯზე ვაკეთებთ ე.წ. დროფ ოფებს, „შეჭრებს“, სადაც მანქანის მგზავრს, ტაქსის მძღოლს შეეძლება გააჩეროს და მგზავრი ჩამოსვას“,- აღნიშნა ნინო ბაგაშვილმა.