ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ქალი, რომელიც გუშინ, ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კლინიკაში თხემის მიდამოში მცირე სისხლმდენი ჭრილობით შეიყვანეს.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალბატონი. თხემის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის მცირედ სისხლმდენი ჭრილობა. პაციენტს გაეწია ქირურგის კონსულტაცია. არსებული ჭრილობა დამუშავდა პირველადი ქირურგიული წესით. გაიკერა კვანძოვანი ნაკერით. დაყოვნდა პაციენტი მცირე ხნით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და სტაბილური მდგომარეობით გაეწერა ბინაზე“,- განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.
რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.