კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - პუტინს დარტყმას ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვაყენებთ: მას იმ ფინანსურ რესურსებზე წვდომას ვუწყვეტთ, რასაც ომის ძალისხმევის შესანარჩუნებლად ეყრდნობა - შემდგომ ნაბიჯებზე უკვე ვმუშაობთ - Palitra News

კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე - პუტინს დარტყმას ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვაყენებთ: მას იმ ფინანსურ რესურსებზე წვდომას ვუწყვეტთ, რასაც ომის ძალისხმევის შესანარჩუნებლად ეყრდნობა - შემდგომ ნაბიჯებზე უკვე ვმუშაობთ

2026-07-23 14:35:59+04:00

სანქციების 21-ე პაკეტი რუსეთის ფინანსური სისტემის, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგოსექტორის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ზომებს ითვალისწინებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შევთანხმდით. პუტინს დარტყმას ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვაყენებთ: მას ფინანსურ რესურსებზე წვდომას ვუწყვეტთ, რომელსაც მისი ომის ძალისხმევის შესანარჩუნებლად ეყრდნობა. ეს სანქციების დასასრული არ არის. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე უკვე ვმუშაობთ“, - წერს კალასი X-ზე.

მისი თქმით, ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სანქციების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც 218 სუბიექტს მოიცავს.

„ჩვენ მიზანში ვიღებთ ასზე მეტ ბანკსა და კრიპტოოპერატორს, „ჩრდილოვანი ფლოტის“ 40-ზე მეტ გემს და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთსა და ბელარუსში, რომლებიც მოსკოვის მიერ ომის გაგრძელებას ხელს უწყობენ. ასევე, ჩვენ რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე დაუნდობელ თავდასხმებს ვპასუხობთ 50-ზე მეტი სამხედრო-სამრეწველო სუბიექტის სანქციების სიაში დამატებით“, - აცხადებს კალასი.